Saturday, May 18, 2019

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები
საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.
ამასთან ერთად, განათლების სისტემა უვითარებს მოზარდს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მოსწავლეებს უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს:
ა) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება:
სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა;
ბ) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა:
მოზარდმა უნდა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო;
გ) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი:
დღეს, როდესაც ადამიანისათვის მისაწვდომია დიდი მოცულობისა და სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია, მისი ეფექტიანად გამოყენების უნარი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. მოზარდს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება, არამედ მისი შეფასებაც შინაარსის, დანიშნულებისა და ხარისხის მიხედვით, დასახული მიზნებისათვის მისი გამოყენების ფორმების განსაზღვრა; ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანი გამოყენება ყოველდღიური ცხოვრების, მუშაობის, ინტელექტუალური თუ სულიერი მოღვაწეობის პირობების გასაუმჯობესებლად;
დ) დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება:
სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღების უნარ-ჩვევები;
ე) იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე:
სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს მოზარდის იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც მისცემს მას საშუალებას, უკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად;
ვ) საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც;
სასკოლო განათლებამ უნდა ჩამოუყალიბოს მოზარდს უწყვეტი განვითარების, მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი, რათა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობებისა და სულიერი მიდრეკილებების ადეკვატურად განსაზღვრა და ამის მიხედვით საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება; მოზარდი მზად უნდა იყოს არჩევანი გააკეთოს მომავალი განათლებისა და შრომითი საქმიანობისათვის;
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან:
სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ საზოგადოების მომავალ წევრებს განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები (წერა, კითხვა, მეტყველება, მოსმენა), საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევები, მათ შორის იმათ, ვისთვისაც საქართველოს სახელმწიფო ენა მშობლიური არ არის;
თ) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე:
დღევანდელ დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში საზოგადოების ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები. სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. მოზარდს უნდა შეეძლოს ადამიანის არსებითი უფლებების შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის განხორციელება და ამ პრინციპებით ცხოვრება.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის ძირითადი საშუალებები:
მოზარდის ზემოთ აღწერილი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის საქართველოს სახელმწიფო კისრულობს პასუხისმგებლობას, შეიმუშაოს და დანერგოს:
1. ზოგადი განათლების პოლიტიკა და კანონმდებლობა
საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკითა და კანონმდებლობით განისაზღვრება როგორც სასკოლო განათლების სფეროში ჩაბმული მხარეების უფლებები და მოვალეობები, ისე მიზნების მიღწევის ძირითადი გზები და საშუალებებიც.
2. ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სისტემა
ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სისტემას ქმნიან სხვადასხვა სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმისა და დაფინანსების წყაროების მქონე დამოუკიდებელი იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ საგანმანათლებლო საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მართვის პრინციპებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის, სასკოლო წესდებების მიხედვით. სასკოლო სისტემა მოიცავს მუდმივად განვითარებად მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს.
3. ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სისტემის რეგულირებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები
სასკოლო სისტემის მართვის აუცილებელი კომპონენტებია: ლიცენზირება, აკრედიტაცია და ატესტაცია; სკოლის ადმინისტრაციული, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის განვითარება; სასკოლო სისტემის მართვის ძირითადი ფორმების განსაზღვრა და მათი შესრულების უზრუნველყოფა; ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და ფუნქციონირების ხარისხის შეფასება; ეროვნული შეფასებისა და საგამოცდო სისტემების შექმნა და მართვა.
4. ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავება ხდება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საფუძველზე. ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს: მოსწავლეთა დატვირთვის აუცილებელ ოდენობას; ცოდნის განვითარების ზოგად ხერხებს; საჭირო ინფორმაციის ოდენობასა და შესაბამის უნარ-ჩვევებს თითოეული საფეხურის დამთავრებისას; საგნებსა და პრიორიტეტებს სასკოლო განათლების ყველა საფეხურზე.
საზოგადოებრივი აქტიურობისა და არსებული რესურსების ეფექტიანი ამოქმედების გარეშე ეს ცალკეული საშუალებები ვერ უზრუნველყოფს მოზარდში ზემოჩამოთვლილ უნარ-ჩვევათა სრულყოფილ განვითარებას. ამიტომ ამ ჩვევების გამომუშავება უნდა მოხდეს სასკოლო გარემოს სრული ჩართვით: მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების, ადმინისტრატორებისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით ისეთ განსხვავებულ პირობებში, როგორიცაა გამოცდები თუ არჩევნები, საკლასო ოთახი თუ სახლი, კლუბი, სპორტული დარბაზი, სკოლის ეზო თუ სახელოსნო. მოსწავლეების, მათი მშობლების, მასწავლებლების, დირექციისა თუ გარემომცველი საზოგადოების აქტიური მონაწილეობა განაპირობებს მიზნების მიღწევის ხარისხსა და წარმატებულობას.
სახელმწიფო მიზნად ისახავს ისეთი სასკოლო სისტემის შექმნას, რომელიც თითოეულ მოსწავლეს მისცემს აღნიშნული უნარ-ჩვევების შეთვისების თანაბარ შესაძლებლობას.
სახელმწიფო არ დაუშვებს მოსწავლის დისკრიმინაციას სოციალური, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან პოლიტიკური კუთვნილების, ფიზიკური შესაძლებლობებისა თუ სხვა ნიშნების მიხედვით.

გამჭოლი კომპეტენციები

თავი VIII. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
(ძალადაკარგულია  2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 18 მაისის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017  წლის 15 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

მუხლი 48. ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები (ძალადაკარგულია  2018 წლის 15 სექტემბრიდან - 18.05.2016 წ. №40/ნ )
  1. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს ცხრა პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციას, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის. პრიოტიტეტული გამჭოლი კომპეტენციები მოიცავს იმ ძირითად ცოდნასა და უნარებს, რომელთა გამომუშავებასა და განვითარებას ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგნის სწავლება სპეციფიკური კომპეტენციების განვითარებასთან ერთად.
  2. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების დასაუფლებლად აუცილებელია სასწავლო პროცესში საგანთშორისი კავშირების დამყარება. მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეს, რომ მან ერთ რომელიმე საგანში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანოს და გამოიყენოს.
  3. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციებია:
ა) წიგნიერება. ტრადიციული გაგებით, სიტყვა "წიგნიერება" გულისხმობს კითხვის, წერის, მოსმენისა და ლაპარაკის მიზნით ენის გამოყენების უნარს. დღეს ამ ცნების შინაარსი გაცილებით მეტს მოიცავს; თანამედროვე გაგებით, წიგნიერება არის ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს;
ბ) მედიაწიგნიერება. საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების შედეგად, თანამედროვე სამყაროში, ტრადიციულ ტექსტებთან ერთად, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მულტიმედიურმა ტექსტებმა – ტექსტებმა, რომლებიც ერთდროულად იყენებს ენობრივ, ხმოვან და ვიზუალურ საშუალებებს. გარდა ამისა, თანამედროვე მსოფლიოში მედია ყველაზე მძლავრი კულტურული იარაღია, რომელმაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ამიტომ, აუცილებელია მოსწავლემ შეძლოს, ერთი მხრივ, ამ ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, მეორე მხრივ, მედია სამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება (ინფორმაციის „გაფილტვრა“) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. ამ თვალსაზრისით, მედიაწიგნიერება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
გ) ციფრული წიგნიერება (იგივეა, რაც კომპიუტერული წიგნიერება). თანამედროვე მსოფლიოში საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ წიგნიერების ცნება კიდევ უფრო გააფართოვა. იგი ამჟამად მოიცავს ქსელური ძიების, ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების გამოყენების უნარსაც, რასაც მთლიანობაში ციფრული წიგნიერება ეწოდება. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში;
დ) რაოდენობრივი წიგნიერება. რაოდენობრივი წიგნიერება არის იმ უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელთა დაუფლება მოსწავლეს უადვილებს რიცხვის არსის გააზრებას, რაოდენობის სხვადასხვა ხერხით გამოსახვას, რიცხვებს შორის მიმართებების გაგებას, რაოდენობათა შედარებას. ეს უნარ-ჩვევები მოსწავლეს სჭირდება არა მხოლოდ მათემატიკის, არამედ სხვა საგნების შესასწავლადაც;
ე) ეკოლოგიური წიგნიერება. ეკოლოგიური წიგნიერება გულისხმობს  გარემოსადმი ადამიანის ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს პირადი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ, შეძლოს მონაწილეობა მის დაცვასა და აღდგენაში;  
ვ) მრავალენობრივი (პლურილინგვური) კომპეტენცია. მრავალენობრივი კომპეტენცია არის ადამიანის შინაგანი უნარი, დაეუფლოს და გამოიყენოს ენა/ენები.  ნებისმიერ საგანში ცოდნასა და უნარებს მოსწავლე ენობრივი აქტივობების საშუალებით იძენს. შესაბამისად, ყველა საგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს  მოსწავლის მრავალენობრივი კომპეტენციის განვითარებაში;
ზ) სემიოტიკური კომპეტენცია.  სემიოტიკური კომპეტენცია არის ვერბალური და არავერბალური (რუკის, დიაგრამის, სქემის, ნახატის, მელოდიისა და სხვ.) საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტეპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი; ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის  (მაგ. სიტყვიერ ტექსტში ან მუსიკალურ ნაწარმოებში გადმოცემული აზრის ილუსტრაციით გამოხატვის, სიტყვიერი ტექსტისა და ნახატის ერთმანეთთან დაკავშირების, სიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის დიაგრამის სახით წარმოდგენისა და ა.შ.) უნარი;
თ) სწავლის სწავლა. სწავლის სწავლა არის სწავლის პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარი. მასწავლებელმა უნდა მიმართოს მოსწავლის ყურადღება სწავლის პროცესზე, მის მიმდინარეობაზე; დაეხმაროს მოსწავლეს იმ ფაქტორებისა და პირობების გაცნობიერებაში, რომლებიც აფერხებს ან ხელს უწყობს სასწავლო პროცესის მსვლელობას; აღმოაჩენინოს ის ხერხები და მიდგომები, რომლებიც აუმჯობესებს სწავლის შედეგებს და გამოუმუშავოს სწავლის სტრატეგიების დამოუკიდებლად გამოყენების უნარი;
ი) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და  ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.

Friday, November 16, 2018

ინტელის ტრეინინგი მე-9 დღის რეფლექსია

შეხვედრა დავიწყეთ ტრეინინგებზე განხილული საკითხების გაანალიზებითა და შეჯამებით, ტრენინგის  საშუალებით განვიხილეთ და შევისწავლეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლება. გავეცანი პროექტის ძირითად მიზნებს, ამოცანებს, მოდულებს. შევისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა, ბროშურის შექმნა, პროექტის პრეზენტაცია, მოსწავლის ნაშრომის შეფასება. 
 ტრეინინგი იყო ძალიან საინტერესო, მრავალმხრივი და მრავალფეროვანი.

სასწავლო პროექტი

,,ადამიანის უფლებები და საზოგადოებრივი საქმიანობა"

Sunday, November 11, 2018

ინტელის ტეინინგი მე-8 დღე

ტრეინინგი დავიწყეთ წინა დღის დავალებების გაანალიზებით, გავეცანით და განვიხილეთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკებსა და კრიტერიუმებს, გავაანალიზეთ მათი გამოყენების ეფექტურობა სასწავლო პროცესში.
ტრეინინგმა ჩაიარა ნაყოფიერად და საინტერესოდ

Saturday, November 10, 2018

ინტელის ტრეინინგი მე-7 დღის რეფლექსია

ტრეინინგი დავიწყეთ წინა დღის დავალებების გაანალიზებით, შევისწავლეთ ბლოგზე მუშაობისა და მისი რედაქტირების სხვადასხვა ინსტრუმენტები, გავეცანით და გავაანალიზეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები, განვიხილეთ მათი კავშირი პროექტით განსაზღვრულ თემასთან, კითხვებთან, მიზნებთან და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებთან.
ტრეინინგმა ჩაიარა ნაყოფიერად და საინტერესოდ.

Friday, November 9, 2018

ინტელის ტრეინინგი მე-6 დღის რეფლექსია

შეხვედრა დავიწყეთ წინა ტრეინინგზე მოცემული დავალებების განხილვით, შევისწავლეთ ინტერნეტში ძიების სხვადასხვა მეთოდი, გავაანალიზეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკა, განვიხილეთ სპეციალიზირებული საძიებო სისტემები, ვიმუშავეთ სასწავლო პროსეში კვლევით ფორმების გამოყენებასა და მასთან კავშირებულ საკითხებზე.